ანი მიროტაძე: ხარვეზები არსებობს, მაგრამ ქვეყნის პროგრესი სახეზეა

იმას, რომ ეს ადამიანი ზუსტად ხედავს იმ დემოკრატიულ პროცესებს, რაც ხდება ქვეყანაში, მისასალმებელია, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანი მიროტაძემ ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადება, რომლის თანახმადაც, საქართველომ სხვადასხვა სფეროში, რეფორმების მხრივ, რეალურ პროგრესს მიაღწია.
“არ მგონია, რომ რომელიმე ქვეყანაში რაღაც სადღაც ჩერდება დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით. ის, რომ არის ხარვეზები, ვიცი, ის, რომ შესაძლოა, ჩვენს მეგობრებს შენიშვნები ჰქონდეთ, მესმის, რაც შეეხება იმას, რომ ეს ადამიანი ზუსტად ხედავს იმ დემოკრატიულ პროცესებს, რაც ხდება ქვეყანაში, მისასალმებელია”, – განაცხადა ანი მიროტაძემ.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველომ სხვადასხვა სფეროში, რეფორმების მხრივ, რეალურ პროგრესს მიაღწია.
„საქართველო ნამდვილად აღწევს პროგრესს. ის შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას ახდენს. ახორციელებს სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირებას. ქმნის დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას. ის ასევე, ახდენს მთელი საზოგადოების რეფორმირებას, მათ შორის კანონის უზენაესობის მხრივ, რაც მნიშვნელოვანი ელემენტია იმ რეფორმებისა, რასაც ჩვენ საქართველოში ვხედავთ. გარდა ამისა, საქართველოს ნამდვილად დიდი წვლილი შეაქვს საერთო უსაფრთხოებაში, ნატოს სხვადასხვა ოპერაციებში ჯარების კონტრიბუციის მხრივ, განსაკუთრებით ავღანეთის მისიაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები