“თუ “ნაციონალების” დროს ვერავინ შეყოფდა ცხვირს სასამართლოში, ახლა ის ყველასთვის ღიაა”
მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში, ყველას აქვს უფლება, დაესწროს სასამართლო პროცესებს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არ უნდა არსებობდეს არცერთი ღია საკითხი და პასუხგაუცემელი შეკითხვა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, სასამართლო პროცესები ღიაა არა მხოლოდ უცხოეთიდან ჩამოსული ჯგუფებისთვის, არამედ – ყველასთვის და ყველას შუძლია ამ პროცესების მონაწილე გახდეს.
“სასამართლო პროცესები ღიაა არა მხოლოდ უცხოეთიდან ჩამოსული ჯგუფებისთვის, არამედ – ყველასთვის. თუ წინა ხელისუფლების დროს ვერავინ შეყოფდა ცხვირს, რადგან სასურველი სტუმარი არ იყო, ჩვენი რეფორმის წყალობით, ყველას შეუძლია არა მხოლოდ შევიდეს სასამართლო დარბაზში და დაესწროს სხდომას, არამედ ჩვენ შევიყვანეთ მედია და კამერები. ამიტომ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, ვისაც უნდა მოვიდეს, ჩამოვიდეს და ამ სასამართლო პროცესების მონაწილე გახდეს”, – განაცხადა წულუკიანმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველომ გამოთქვა სრული მზადყოფნა მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით, ღია კომუნიკაციაში შევიდეთ ევროკავშირსა და ევროსაბჭოსთან, რათა ბოლომდე ამოიწუროს, თუ რაიმე შეკითხვა არსებობს საქართველოს მიმართ.