თეა წულუკიანი: საქართველოს პროკურატურა ჰააგის პროკურორის ოფისთან აქტიურად თანამშრომლობს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმის ეთნიკური წმენდის ნაწილში საქართველოს მთავარი პროკურატურა ჰააგის პროკურორის ოფისთან აქტიურად თანამშრომლობს.
თეა წულუკიანის მტკიცებით, ჰააგის პროკურორის ოფისი 2008 წლიდან იკვლევს ომის ფაქტებს. მისივე თქმით, ახლა უკვე იგეგმება ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.
„დადგა დრო, რომ ჰააგის პროკურორმა გადაწყვეტილება მიიღოს, ჩაებმება თუ არა გამოძიებაში, როგორც ჩანს, ეს ასე მოხდება. საქართველოს მიზანია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, მათთან ერთად, საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განვახორციელოთ და მათ ჩვენთან ერთად ბოლომდე გამოვაძიებინოთ ის ეთნიკური წმენდის ფაქტები, რომლის მსხვერპლი ჩვენ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გავხდით. სახეზე იყო აგრესია, აგრესია რუსეთის მხრიდან.
რომის სტატუტის თანახმად, ჩვენი ვალია, რომ მათთან ბოლომდე ვითანამშრომლებთ. ჰააგის სასამართლო რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმეს არ იძიებს, რადგან იგი სისხლის სამართლის სასამართლოა. ჰააგის სასამართლოში შეიძლება კონკრეტული ინდივიდების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა გენოციდი, ომის დანაშაული, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული და სხვა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ, რუსეთი არ არის რომის სტატუტის წევრი ქვეყანა, ეს მდგომარეობას არავის უმსუბუქებს, პირიქით,ვინაიდან ჩვენს ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოხდა ის ფაქტები, რომელიც ჰააგის სასმართლოს განსჯადი იქნება, შეიძლება, რომ ყველა მოქალაქეობის მქონე, მათ შორის რუსი მოქალაქეების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.