გიორგი კვირიკაშვილი ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დიდიე რეინდერთან შეხვედრისას, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარება და საქართველოში ბიზნესმენთა სავაჭრო მისიის ვიზიტის მომზადების საკითხები განიხილეს.
„ეს იქნება ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც, პოლიტიკური საკითხების გარდა, ყურადღება დაეთმობა ვაჭრობის განვითარებას, ინვესტიციების წახალისებას, ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებს, ეს იქნება ღია დიალოგი მთელ რიგ თემებზე, მათ შორის ეფექტიან მმართველობაზე“, – განაცხადა დიდიე რეინდერმა.
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ.
დიდიე რეინდერმა მკაფიოდ გამოხატა ბელგიის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
„ბელგია ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას და პარტნიორობას გაუწევს მას ამ პროცესში. იგივე მიდგომა გვაქვს ნატოსთან მიმართებაშიც. ჩვენ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ და არცერთი წუთით არ უნდა შევაჩეროთ სვლა ამ მიმართულებით. ევროკავშირის ყველა სხვა წევრი სახელმწიფო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ამის შესახებ გამუდმებით უნდა ვიმეოროთ და თავიდან ავირიდოთ ყველანაირი შესაძლებლობა, რაც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“,- აღნიშნა მან.
შეხვედრაზე, რომელიც საქართველოსა და ბელგიის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შორის გაიმართა, ყურადღება გამახვილდა ისეთ საერთაშორისო გამოწვევებზე, როგორიცაა უკრაინასა და სირიაში არსებული კონფლიქტები და რუსეთის როლი აღნიშნულ კონფლიქტებში.
„მე მომხრე ვარ ამგვარი კონტაქტების, ღია დიალოგის, ეს სირთულეების გადაჭრის ერთადერთი გზაა, მათ შორის საქართველოშიც, ჩვენ პოლიტიკურ, და არა სამხედრო არენაზე ვართ, ამიტომ, თუ შეგვწევს ძალა, ხელი შევუწყოთ სიტუაციის სტაბილიზაციას, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის“, -განაცხადა ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები