თეა წულუკიანი: ჩვენი ინტერესია, ეთნიკური წმენდის ნაწილი ბოლომდე გამოძიებული იყოს
მთავარი პროკურატურა 2008 წლის აგვისტოს ომის საქმის ეთნიკური წმენდის ნაწილში აქტიურად თანამშრომლობს ჰააგის პროკურორის ოფისთან, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მხარის ინტერესია შესწავლილ იქნას ქართველთა ეთნიკური წმენდა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მოხდა.
“ჰააგის პროკურორის ოფისი 2008 წლის აგვისტოდან იკვლევს ფაქტებს აგვისტოს ომის საქმეზე და დღეს ირკვევა, რომ ქალბატონმა ბენსუდამ, ჰააგის პროკურორმა, გადაწყვიტა, გადადგას პირველი ნაბიჯები, რომ თავად ჰააგის პროკურორის ოფისი ჩაერთოს ამ გამოძიებაში. ჩვენ რომის სტატუტის წევრი ვართ 2003 წლიდან, გვევალება მათთან თანამშრომლობა და ვთანამშრომლობთ. აუცილებლად ვითანამშრომლებთ, მითუმეტეს, რომ აგვისტოს ომის საქმეზე ჩვენი ინტერესია, ეთნიკური წმენდის ნაწილი იქნეს ბოლომდე გამოძიებული, რადგან, ჩვენ ყველას გვახსოვს, ქართველთა ეთნიკური წმენდა 2008 წლის აგვისტოში არის მომხდარი”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.