მიხეილ სააკაშვილი ჰააგის სასამართლოს მიერ 2008 წლის ომის შესაძლო გამოძიების საკითხს ეხმაურება
მივესალმები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის გადაწყვეტილებას, დაიწყოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულების გამოძიება, – ასე ეხმაურება საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჰააგის სასამართლოს მიერ 2008 წლის ომის შესაძლო გამოძიების საკითხს.
სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია პროკურორის ოფისს ქართულმა მხარემ სრულად მიაწოდოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია, მათ შორის, ეთნიკური წმენდის შესახებ.
„მივესალმები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის გადაწყვეტილებას, დაიწყოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულების გამოძიება. ჩვენმა ხელისუფლებამ 2008 აგვისტოშივე მიმართა პროკურორის ოფისს, მიაწოდა ინფორმაცია საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევის, მათ შორის, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისა (ეთნიკური წმენდა) და ომის დანაშაულებების შესახებ. სამწუხაროდ რუსეთი არ ცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას და მთელი ამ დროის განმავლობაში ცდილობდა პოლიტიკური მიზნებისათვის გამოეყენებინა პროცედურები. მნიშვნელოვანია, რომ პროკურორის ოფისს ქართულმა მხარემ სრულად მიაწოდოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია მათ შორის ეთნიკური წმენდის შესახებ“, – ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზეა გამოქვეყნებული.