იენს სტოლტენბერგი: ნატო მოუწოდებს რუსეთს, უარი თქვას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე
ნატო მოუწოდებს რუსეთს უარი თქვას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო საქართველოს მჭიდრო პარტნიორია და მზადაა ურთიერთობა კიდევ უფრო გააღრმავოს.
“მნიშვნელოვანი საქმეა გავაძლიეროთ საქართველოს უსაფრთხოება და მხარი დავუჭიროთ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფებას. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით. მას უფლება აქვს განსაზღვროს თავისი მომავალი და უსაფრთხოების სისტემა. მიუხედავად ამისა, რუსეთი კვლავაც არღვევს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. ნატო მოუწოდებს რუსეთს უარი თქვას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე. საქართველო ნატოს ერთ-ერთი მჭიდრო პარტნიორია. ჩვენ მზად ვართ გავარღმავოთ ურთიერთობა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ნატოს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობდა. ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შესახვედრად საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი თინათინ ხიდაშელი ალიანსის გენერალურ მდივანთან ერთად შევიდა.
კომისიის სხდომა იენს სტოლტენბერგმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მან ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„უელსის სამიტზე ნატო საქართველოს არსებითი პაკეტის მხარდაჭერას დაპირდა. ჩვენ ამ პაკეტით გათვალისწინებულ ელემენტებს უკვე ვახორციელებთ. ივლისში ერთობლივი სწავლება „Agile Spirit“ ჩავატარეთ. აგვისტოში ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნის ცერემონიალს დავესწარი. ნატოს 20 წევრი ქვეყანა შევთანხმდით, რომ ცენტრში მათ წარმომადგენლებს მივავლენთ და საქართველოს თავდაცვის რეფორმირებაში გავუწევთ მხარდაჭერას. საქართველო მისი დანაპირების ერთგული რჩება და რეფორმირების პროცესს აგრძელებს” , – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.