გიორგი კვირიკაშვილი: ევროპისა და შორეული აღმოსავლეთისთვის საქართველოს კარიბჭის როლი მნიშვნელოვანია
ევროკომისართან ვისაუბრეთ თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების სერიოზულ პოტენციალზე, რომლიც საქართველოს აქცევს ევროპის მნიშვნელოვან პარტნიორად აღმოსავლეთ ქვეყნებთან ურთიერთობის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროპისა და შორეული აღმოსავლეთისთვის კარიბჭის როლს ასრულებდეს.
“ევროკომისართან ვისაუბრეთ თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების სერიოზულ პოტენციალზე, რომლიც საქართველოს აქცევს ევროპის მნიშვნელოვან პარტნიორად აღმოსავლეთ ქვეყნებთან ურთიერთობის კუთხით. ის, შესაძლებლობები, რასაც DCFTA უქმნის საქართველოს აღმოსავლეთ ქვეყნებიდან ინვესტიციების მოზიდვის კუთხით არის ძალზედ მნიშვნელოვანი. ეს ასევე სერიოზული პლატფორმაა ევროპული ქვეყნებისთვის აწარმოონ ურთიერთობა ამ რეგიონთან. მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო ასრულებდეს კარიბჭის როლს ევროპისა და შორეული აღმოსავლეთისთვის. DCFTA-ს მოაქვს შესანიშნავი შესაძლებლობები როგორც უშუალო სამეზობლოს, ისე შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის, ისეთ სფეროებში, როგორიცაა მრეწველობა, ლოგისტიკა, ტრანსპორტი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სრულად გამოვიყენოთ ეს პოტენციალი მომავალში. მნიშვნელოვანია, რომ DCFTA უკვე შედის იმ ფაზაში, როდესაც ეს კონკრეტული შედეგების სახით გამოჩნდება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
იოჰანეს ჰანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მინისტრმა ასევე ისაუბრა თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ფარგლებში გატარებული რეფორმების წარმატებაზე. მისი თქმით, ამას მოწმობს საქართველოს კერძო სექტორში მიღწეული რეალური შედეგები, კერძოდ ევროკავშირთან ვაჭრობის ზრდის ტენდენცია და ევროკავშირის წილი საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში, რომელიც დაახლოებით 30 პროცენტს შეადგენს.