გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო მზადაა ევროკავშირსა და ევროსაბჭოსთან ღია კომუნიკაციისთვის
საქართველომ გამოთქვა სრული მზადყოფნა მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით ღია კომუნიკაციაში შევიდეთ ევროკავშირსა და ევროსაბჭოსთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მთავრობა მზადაა, მართლმსაჯულების საკითხთან დაკავშირებით, არც ერთი შეკითხვა არ დატოვოს უპასუხოდ.
“საქართველომ გამოთქვა სრული მზადყოფნა მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით ღია კომუნიკაციაში შევიდეთ ევროკავშირსა და ევროსაბჭოსთან, რათა ბოლომდე ამოვწუროთ თუ რაიმე შეკითხვა არსებობს ჩვენ მიმართ. ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ საქართველოში ჩამოვიდეს სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეისწავლის აღნიშნულ საკითხებს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო ღიაა ამ თანამშრომლობისა და კომუნიკაციისთვის, ჩვენ დაველოდებით ევროკავშირის მისიის ჩამოსვლას, მზად ვართ პასუხი გავცეთ ყველა შეკითხვას, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია გვქონდეს მაღალი დონის კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, რომელიც ერთ წელიწადში გაიმართება. საქართველოსა და ევროკავშირს შორის არ უნდა არსებობდეს არცერთი ღია საკითხი და პასუხგაუცემელი შეკითხვა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იოჰანეს ჰანს შეხვდა.