„საქართველო ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ჩვენ ვისწრაფვით ამ ურთიერთობის გაღრმავებისკენ”

საქართველო ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ჩვენ ვისწრაფვით ამ ურთიერთობის გაღრმავებისკენ, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის გახსნისას განაცხადა.
სტოლეტენბერგის თქმით, საქართველო ასრულებს თავის დაპირებას და რეფორმების პროცესს განაგრძობს. მისივე განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი სამუშაოა საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისთვის და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.
“საქართველო სუვერენული ქვეყანაა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მას აქვს უფლება, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკუთრი მექანიზმები. ამასთან, რუსეთი დღესაც არღვევს საქართველოს საზღვრებს. ნატო მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. საქართველო ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ჩვენ ვისწრაფით ამ ურთიერთობის გაღრმავებისკენ”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები