ქრთამის აღების ფაქტზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს – ვიდეო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ მუხაესტატეში გია გოგიტიძე დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გია გოგიტიძემ თურქეთის მოქალაქისაგან თხილის გადასამუშავებელი საამქროსათვის ფართის გამოყოფაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით 20 000 ლარი მოითხოვა. გამგებლის წარმომადგენელმა წინასწარ აიღო ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი 4000 ლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 338-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 7 დან 11 წლამდე ითვალისწინებს).
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.