რა საკითხები განიხილეს დღეს გამართულ საერთაშორისო მოლაპარაკებების 33-ე რაუნდზე – საგარეო უწყების განმარტება

დღეს გამართულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 33-ე რაუნდთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.
“კვირა” საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “გაიმართა ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილნი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში – უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში – იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებებს თანა-თავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ისევე როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.
მოლაპარაკებები წარიმართა კონსტრუქციულ ვითარებაში. მიუხედავად მწვავე დისკუსიისა, მონაწილეებმა ორივე სამუშაო ჯგუფში განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული უკლებლივ ყველა საკითხი.
პირველი სამუშაო ჯგუფში მონაწილეებმა საქართველოდან მიმოიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი უსაფრთხოების სიტუაცია. შეშფოთება გამოხატეს ივლის-აგვისტოში სოფელ წითელუბანში, ორჭოსანში, თამარაშენსა და წერონისში ე.წ. „საზღვრის აღმნიშვნელი“ ბანერების გადმოწევასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ მავთულხლართების გავლება, ადამიანთა უკანონო დაკავებისა და გატაცების შემთხვევებიკიდევ უფრო ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების მდგომარეობას.
ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აფხაზეთში რუსეთის სარკინიგზო ჯარების განლაგებაზე, სარკინიგზო ხაზის აღდგენის საბაბით. შეშფოთება გამოხატა ბოლო პერიოდში გახშირებულ სამხედრო წვრთნებზე საქართველოს საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებსა და ოკუპირებულ რეგიონებში. აღინიშნა, რომ ინტეგრაციის შესახებ ე.წ. „ხელშეკრულებების“ კვალდაკვალ სამხედრო, ეკონომიკური და სოციალური მიმართულებებით დამატებითი დოკუმენტების გაფორმება კიდევ ერთხელ ცხადყოფს რუსეთის მხრიდან მცოცავი ანექსიის პროცესს. ამ ფონზე, მონაწილეებმა საქართველოდან კიდევ ერთხელ დააყენეს რუსეთის მიერ ძალის არ გამოყენების შესახებ იურიდიული ძალის მქონე ვალდებულების აღებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობის საკითხი.
მეორე სამუშაო ჯგუფში განხილულ იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის აუცილებლობა, გადაადგილების თავისუფლება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ეკოლოგიასთან დაკავშირებული საკითხები და წყლით და გაზით მოსახლეობის უზრუნველყოფა.

ხანგრძლივი დისკუსია შედგა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების შეზღუდვის პრობლემატიკის ირგვლივ. ყურადღება გამახვილდა 2015-2016 სასწავლო წელს ქართული ენის ნაცვლად რუსულ ენაზე სწავლებაზე გადასვლაზე. ქართველმა მონაწილეებმა და თანა-მოდერატორებმა ხაზი გაუსვეს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფის აუცილებლობას.
მოლაპარაკებების ფარგლებში გამოიკვეთა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ეკოლოგიის მიმართულებით, განსაკუთრებით ტყეების დაცვის კუთხით ერთობლივი ზომების გატარების პერსპექტივა.
მიუხედავად იმისა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის განხილვისას მოლაპარაკებების ზოგიერთმა მონაწილემ კონსტრუქციულად არ იმსჯელა, საკითხის განხილვა შედგა, რომლის დროსაც ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის აუცილებლობას.
გარდა ამისა, გაიმართა საინფორმაციო სესია თემაზე: „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა: პრინციპები და პრაქტიკა.“ იუნესკოს ექსპერტმა მონაწილეებს გააცნო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის შესაძლებლობები საომარი მოქმედებების დროს, ასევე კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
მონაწილეებმა საქართველოდან კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა კონსტრუქციულად განაგრძონ მოლაპარაკებები და მიიღონ შესაბამისი ზომები კონკრეტული ჰუმანიტარული პროექტების განხორციელების მიზნით, რათა ეფექტურად მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის სასიცოცხლო პრობლემების გადაწყვეტა.
ჟენევის საერთშორისო მოლაპარაკებების 34-ე რაუნდი გაიმართება 2015 წლის 8-9 დეკემბერს”, – აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები