ადვოკატი: ჯოკია ბოდოკიას მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული თბილისის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილი უფროსის ჯოკია ბოდოკიას ადვოკატის დავით დეკანოიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია.
ამის შესახებ ადვოკატმა ბოდოკიას წინააღმდეგ საქმეზე სასამართლო პროცესის გადადების შემდეგ აღნიშნა.
“ქრთამის აღება შეიძლება მაშინ, თუკი მოხელეს თანამდებობრივად შეუძლია რაიმე მოქმედების შესრულება, რაც ფულის გადამხდელს სურს. ბოდოკიას თანხა სხვა მიზნებისთვის გადასცეს, რაც მის უფლებამოსილებაში არ შედიოდა.
ქრთამზე ლაპარაკი ზედმეტია, ვინაიდან ბოდოკია თავად ვერ შეასრულებდა იმას, რა ინტერესიც იყო ფულის გადამხდელის მხრიდან. ფული გამიზნული იყო პროექტის დასამზადებლად და ამ მიზნით უნდა ყოფილიყო გადახდილი ეს თანხა და არა როგორც ქრთამი. ეს დაადასტურა ჯოკია ბოდოკიამ მის ჩვენებაში და ეს დასტურდება საქმის მასალებითაც”, – განაცხადა ბოდოკიას ადვოკატმა.
ადვოკატის თქმითვე, ის, რომ ბოდოკიას კერძო პროექტის მენეჯერობას სთავაზობდნენ, იცოდა ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილემ მედულაშვილმა და საქმის კურსში იყო გეგი ნიჟარაძე.
ადვოკატის თქმით, სწორედ აქედან გამომდინარე, შესაძლოა, საჯარო მოხელეს კერძო საქმიანობა ეკრძალებოდეს, თუმცა ეს სისხლის სამართლის დანაშაული, კერძოდ კი, ქრთამის აღება არ არის.