ჯოკია ბოდოკია: ერთხელ დამირეკა გოგა ონიანმა და დამემუქრა, ციხეში ამოგალპობო
თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილი უფროსის – ჯოკია ბოდოკიას საქმის განხილვა მიმდინარეობს.
დღეს დაცვის მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა ბრალდებულის დაკითხვით დაიწყო.
ბოდოკიამ დეტალურად ისაუბრა მერიაში თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ და ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მას აღებული თანხა დავით ნარმანიას ძმასთან – ირაკლი ნარმანიასთან უნდა მიეტანა. ბოდოკიას თქმით, ირაკლი ნარმანია არჩევნების პერიოდში გაიცნო და სულ სამჯერ ნახა.
ასევე, მან ისაუბრა თბილისის ყოფილ ვიცე-მერ ალეკო მარგიშვილთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ მარგიშვილს საერთოდ არ იცნობს, ის მხოლოდ ერთხელ ჰყავს ნანახი.
„მოხდა ხელისუფლების ცვლილება და იყო რთული ვითარება. ყოფილი ხელისუფლების დროს დანიშნული თანამშრომლები ჩასაფრებულის პოზიციაში იყვნენ. ერთ-ერთ თანამშრომელთან – მაიკო ონიანთან მომივიდა რაღაც შელაპარაკება, რომელიც შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის გოგა ონიანის და აღმოჩნდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ერთხელ დამირეკა გოგა ონიანმა და დამემუქრა, ციხეში ამოგალპობო“, – განაცხადა ბრალდებულმა დაკითხვის დროს.
როგორც ბოდოკიამ დღეს ჩვენების დროს აღნიშნა, წლების წინ ის მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში, მილიონობით ლარს განკარგავდა და უკანონოდ ფულის შოვნა რომ სდომებოდა, „იმდენს იშოვიდა, მის შვილიშვილებსაც ეყოფოდათ“.
შეგახსენებთ, რომ გამოძიების ინფორმაციით, ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10პროცენტი – 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბოდოკიას პატიმრობა აქვს შეფარდებული.