„ვერ ვიზიარებ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო რადარებიდან გაქრა”
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოსაზრებას, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო რადარებიდან გაქრა, არ ეთანხმება.
როგორც ბაქრაძემ თემის კომენტირებისას აღნიშნა, არ შეესაბამება სიმართლეს, ის რომ საქართველოს თემა ნაკლებად აქტუალურია საერთაშორისო ასპარეზზე.
„საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება შემცირდა ერთი ქვეყნით. ყოველწლიურად იზრდება საქართველოს მიერ გაეროში წარდგენილი რეზოლუციის მხარდაჭერა, ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ სავაჭრო სივრცეს, ჩვენ გვაქვს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი ნატოსთან დაკავშირებით, ჩვენ წინ მივიწევთ ვიზა- ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კონკრეტული მიღწევა და შედეგი საერთაშორისო ასპარეზზე. აქედან გამომდინარე, ვერ ვიზიარებ განცხადებას, რომ რადარებიდან საქართველო არის გამქრალი და ეს ხელს უშლის მისთვის მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.