ჰააგამ რუსეთიდან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მასალები გამოითხოვა
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთიდან მასალები გამოითხოვა,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელზე – ალექსანდრ ბასტრიკინზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსული მედია აღნიშნავს, რომ საქმე ეხება იმ გამოძიებას, რომელიც რუსულმა მხარემ ომის შემდგომ, “საქართველოს სამხედრო დანაშაულის გამოსაძიებლად ჩაატარა”.
“ჩვენ ვცდილობდით ჩვენი მასალების ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში ჩატანას. ქართველი სამხედროების ქმედებებს სამხედრო დანაშაულის კვალიფიკაცია მივეცით. 3 დღის წინ ჰააგიდან წერილი მივიღეთ, სადაც, როგორც იქნა, მასალების წარდგენა გვთხოვეს. ჰააგის სასამართლოს წერილი შესაძლოა, “სანქცია” იყოს, რადგან ქართული მხარე კონტრარგუმენტებს წარადგენს და რუსეთს აგრესიაში კვლავ დაადანაშაულებენ”, – განაცხადა ბასტრიკინმა.
ომის შემდეგ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე “გენოციდის, ასევე ომის აკრძალული საშუალებებითა და მეთოდებით წარმოებითა და დამქირავებელთა მონაწილეობით, რუსეთის მოქალაქეების მასობრივი მკველობის ფაქტზე” სისხლის სამართლის საქმე აღძრა.