ლაშა დოლიძე FAO-ს გენერალურ დირექტორს კუ დონჟუს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ევროპისა და ცენტრალური აზიის 35-ე რეგიონული კონფერენციის ფარგლებში, FAO-ს გენერალურ დირექტორს კუ დონჟუს შეხვდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და FAO-ს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, აგროსასურსათო სისტემების განვითარებისა და ტრანსფორმაციის პროცესები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სასურსათო უსაფრთხოების, სოფლის განვითარების, კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობისა და ქართული აგროსასურსათო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდის საკითხს.
ლაშა დოლიძემ ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე რეფორმებზე და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის, სასურსათო უსაფრთხოების, სოფლის განვითარების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო მიწის კონსოლიდაციის, აკვაკულტურის განვითარების, ციფრული სისტემების დანერგვისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს FAO-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ახალი ჩარჩო-პროგრამის (CPF) 2026 – 2030 წლების დოკუმენტის მომზადების საკითხები. აღინიშნა, რომ პროგრამა ხელს შეუწყობს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა სოფლის განვითარება, კლიმატის მიმართ მდგრადობა, აგროსასურსათო სისტემების ტრანსფორმაცია, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა.
FAO-ს გენერალურმა დირექტორმა დადებითად შეაფასა საქართველოში მიმდინარე აგროსასურსათო რეფორმები და ხაზი გაუსვა ქართული მეღვინეობისა და აგროტურიზმის მნიშვნელოვან პოტენციალს, როგორც სოფლის განვითარების, დამატებითი ღირებულების შექმნის და საერთაშორისო ბაზრებზე ცნობადობის ზრდის მნიშვნელოვან ფაქტორს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს FAO-ს გლობალური ინიციატივების – „Hand-in-Hand“, „ციფრული სოფლები“ და „ერთი ქვეყანა – ერთი პრიორიტეტული პროდუქტი“ (OCOP) ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.