დავით საგანელიძე ვარნაში მიმდინარე ასამბლეის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებში მონაწილეობს
საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე დავით საგანელიძე PABSEC-ის გენერალური მდივნის სპეციალური მიწვევით ბულგარეთის ქალაქ ვარნაში მიმდინარე ასამბლეის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებში მონაწილეობს.
დავით საგანელიძის ახალ თანამდებობაზე დანიშვნის გამო პარლამენტარის უფლებამოსილება შეუწყდა, ის საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი და PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტი ვეღარ იქნება.
სიტყვით გამოსვლისას საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარემ კოლეგებს წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.
დავით საგანელიძის განცხადებით, ის, როგორც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი განსაკუთრებულად შეუწყობს ხელს ორგანიზაციის 12 დამფუძნებელ ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. საგანელიძემ კოლეგები და მათ ქვეყნებში დაინტერესებული ბიზნესწრეები თბილისში, 15-16 ოქტომბერს დაგეგმილ „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე მოიწვია.
PABSEC-ის გენერალურმა მდივანმა, ასაფ გაჯიევმა და წევრი ქვეყნების დელეგაციის ხელმძღვანელებმა ასამბლეის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს. კომიტეტების წევრებმა დავით საგანელიძისთვის „აბრეშუმის გზის“ პროექტებში PABSEC-ის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსის შენარჩუნების თაობაზე უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს, ის ასევე აირჩიეს ორგანიზაციის საკონსულტაციო საბჭოს წევრად.
კოლეგებმა დავით საგანელიძეს ასევე თხოვნით მიმართეს, რომ მან ეკონომიკური კომიტეტებისა და გენერალური ასამბლეის საქმიანობაში მუდმივად მიიღოს მონაწილეობა.
სხდომის დასასრულს, საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, 12 წევრი ქვეყნის დელეგაციების სახელით დავით საგანელიძეს სიმბოლური სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.