„ყაზტრანსგაზი“ საქართველოსგან 2006 – 2009 წლებში ჩადებული ინვესტიციების დაბრუნებას მოითხოვს
სააქციო საზოგადოება „ყაზტრანსგაზი“ საქართველოსგან იმ ინვესტიციების დაბრუნებას მოითხოვს, რომელიც მან 2006 – 2009 წლებში შვილობილ კომპანია – „ყაზტრანსგაზ თბილისში“ განახორციელა. ამის შესახებ Kazpravda.kz კომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, 2006 – 2009 წლებში „ყაზტრანსგაზმა“ თბილისის გაზგამანაწილებელ ქსელში, საერთო ჯამში, 130 მილიონი დოლარის ინვესტირება განახორციელა.
2009 წლის 16 მარტს ქუთაისის სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს ერნერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის შუამდგომლობა და „ყაზტრანსგაზ თბილისს“ სპეციალური მმართველი დაუმტკიცა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი იყო კომპანიის 80 მილიონი დოლარის ვალი ფინანსთა სამინისტროს წინაშე. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, „ყაზტრანსგაზ თბილისში“ 100%-იანი წილის მიუხედავად, „ყაზტრანსგაზი“ მის საქმიანობაში ვეღარ მონაწილეობდა.
„ყაზტრანსგაზის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ მას ქართული მხარის კონსტრუქციული პოზიციის იმედი აქვს და სჯერა, რომ ამ კონფლიქტის გადაჭრა წინასაარბიტრაჟო დონეზე მოხდება.
იმ შემთხვევაში, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, „ყაზტრანსგაზი“, საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, მოითხოვს „ყაზტრანსგაზ თბილისზე“ კონტროლის აღდგენას და ჩადებული ინვესტიციების ოდენობის ანაზღაურებას. „ყაზტრანსგაზი“ ყაზახეთის სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც ნავთობის და გაზის მოპოვებას, ტრანსპორტირებას და რეალიზებას ეწევა.