გახდება თუ არა საჯარო შს მინისტრის #0014 ბრძანება?
ფარული სატელეფონო მოსმენები სპეციალური ინსტრუქციით ხორციელდება, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის საიდუმლო ბრძანებით არის დამტკიცებული – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია გაზეთ “პრაიმტაიმთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.
“ზოგადად, ეს მოსმენა ხორციელდება სპეციალური ინსტრუქციებით, რომელიც დამტკიცებულია შინაგან საქმეთა მინისტრის საიდუმლო ბრძანებით. შემიძლია გითხრათ მხოლოდ ამ ბრძანების ნომერი, ეს არის # 0014 ბრძანება. ეს ინსტრუქცია დაახლოებით 150 გვერდია, სადაც დეტალურადაა გაწერილი პროცედურები, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა და ინიციატივაც, რომლის თანახმადაც ეს რეგულაციები შესაძლოა საკანონმდებლო დონეზე იყოს გამყარებული და ინსტრუქციების ნაწილი გახდეს საჯარო”, – აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.
რაც შეეხება შიდა კონტროლის მექანიზმებს, იზორია აღნიშნავს, რომ ყველა სუბიექტი და უფლებამოსილი პირი, ვინც კანონიერ საფუძველზე შეიძლება ახორციელებდეს უშუალოდ მოსმენას, შესაბამის დაცულ ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ ბიომეტრიული კონტროლის სისტემით, ანუ თითის ანაბეჭდების საშუალებით, რაც აქამდე არ არსებობდა. ფუნქციონირებს ელექტრონული ჟურნალი, სადაც დეტალურად იწერება, რა დროს რა მოქმედებები განახორციელა ამ პირმა.