ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის მონაწილე გვანცა ჯობავა იქნება

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, გვანცა ჯობავა, 2015 წლის ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის ე.წ. ფელოუშიფ პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე იქნება.
1998 წლიდან მოყოლებული ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი ორგანიზებას უწევს სპეციალურ პროფესიულ, ე.წ. ფელოუშიფ პროგრამას. მსოფლიო საგამომცემლო სივრცეში არსებულ პროფესიულ პროგრამებს შორის ყველაზე პრესტიჟულ, ფრანკფურტის ფელოუშიფ პროგრამაში მოხვედრას ყოველწლიურად მსოფლიოს, როგორც პრესტიჟული ასევე, საშუალო და პატარა გამომცემლობების წარმომადგენლები თანაბრად ცდილობენ.
აღსანიშნავია, რომ წელს პროგრამაში მონაწილეობის მსურველი 80 გამომცემლიდან შერჩეულ 15 მონაწილეს შორის „მაკმილანის“, „ჰარპერკოლინზისა“ და სხვა დიდი გამომცემლობების წარმომადგენლებთან ერთად მოხვდა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე და გამომცემლობა „ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი გვანცა ჯობავა.
პროგრამა ფესტივალის გახსნამდე ათი დღით ადრე, 4 ოქტომბერს იწყება და გულისხმობს საქმიან ვიზიტებს გერმანულ გამომცემლობებში ფრანკფურტში, კიოლნსა და ბერლინში, ასევე შეხვედრებს გერმანელ საგამომცემლო ექსპერტებთან, გამოცდილების გაზიარებასა და ქართული საგამომცემლო სექტორის, ქართული ლიტერატურის სხვადასხვა პლატფორმაზე წარდგენას უცხოელი კოლეგების წინაშე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები