კახეთში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა
„დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა გუშინ კახეთის რეგიონში საგარეჯოს, თელავის და გურჯაანის რაიონებში, ჩრდილო-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დააფიქსირა.
ოფიციალური ინფორმაციით, 16:40 საათისთვის სეტყვის ალბათობამ 80 პროცენტს მიაღწია, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა კი 10-20 მმ იყო.
პროცესის გასანეიტრალებლად სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 16:50 საათიდან 17:05 საათამდე ღრუბლის სარაკეტო დამუშავება ოთხ ეტაპად განხორციელდა.
გასროლილ იქნა 20 ერთეულამდე რაკეტა. აქტიური ზემოქმედების შედეგად სეტყვასაშიში ღრუბლების უდიდესი ნაწილი ადგილზე ჩამოიცალა წვიმის და უწვრილესი უვნებელი სეტყვის მარცვლების სახით.