გიორგი მარგველაშვილი: მე არ ვარ დალხენილი და კარგად მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი
მე არ ვარ დალხენილი და კარგად მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი, მაგრამ ეს ვალდებულება მომწონს, მეამაყება და გავაგრძელებ კიდეც ამ სამსახურს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე, მის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, ქვეყანაში არსებული არაერთი პრობლემის გამო საქართველოს პრეზიდენტობა მძიმეა, თუმცა ეს ფუნქცია და ვალდებულება მოსწონს.
“ეს არის უმნიშვნელოვანესი პოსტი და როლი, რომელიც მე მაქვს, რომელსაც ვემსახურები ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში. რა თქმა უნდა, მძიმეა, რადგან მე არ ვარ დალხენილი და კარგად მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი. მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია, მე ვარ პრეზიდენტი ქვეყნისა, რომელშიც არის ასობით ათასი დევნილი საკუთარ მიწა-წყალზე, მე ვარ პრეზიდენტი იმ ქვეყნის, რომლის ეკონომიკური მდგომარეობაც სერიოზული გამოწვევების წინაშეა და მე ვარ იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც მუდმივად ემუქრება მეზობელი, თან – ბირთვული სახელმწიფო. შეუძლებელია, ამ მდგომარეობაში შენ იყო კომფორტულად, მაგრამ პრეზიდენტი – ეს ფუნქცია და ეს ვალდებულება მომწონს, მეამაყება და გავაგრძელებ კიდეც ამ სამსახურს”, – განმარტა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილისგან აშშ-ში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი მისი პოლიტიკური მომავლით დაინტერესდა, გიორგი მარგველაშვილმა დაადასტურა, რომ აქტიურ პოლიტიკაში დარჩენას აპირებს.