გამოფენა „აღმოსავლურ-დასავლური დივანი-მუშტაიდის სასახლის დეკორი“ გაიმართება
1-ელ ოქტმბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმთან არსებული ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრი წარმოადგენს საგამოფენო პროექტს : „აღმოსავლურ-დასავლური დივანი-მუშტაიდის სასახლის დეკორი“.
XIX საუკუნეში, ცენტრალურ აზიაზე ჰეგემონიისათვის ბრიტანეთისა და რუსეთის იმპერიებს შორის მიმდინარე სტრატეგიულ დაპირისპირებაში, რომელიც „დიდი თამაშის“ სახელითაა ცნობილი, საქართველოც იყო ჩართული. „დიდი თამაშის“ პირველ ეტაპზე, უმნიშვნელოვანესი მოვლენები კავკასიაში განვითარდა, რის გამოც მასში მონაწილე პოლიტიკური ფიგურების მოღვაწეობა საქართველოსთან აღმოჩნდა დაკავშირებული.
აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მრავალფეროვნად აისახა XIX ს-ის I ნახევრის ქართულ კულტურაში. საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან გამოფენისათვის შერჩეული ექსპონატები, მათ შორის „დიდი თამაშის“ მონაწილე პოლიტიკური ფიგურების პორტრეტები, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ცნობილი ირანელი სასულიერო პირის, აყა მირ ფათაჰ მუჯთაჰიდის (1794-1852) სასახლის დეკორი, და სხვა ექსპონატები დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს თვალი ადევნოს თანადროული პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების ვიზუალურ ტრანსფორმაციას მრავალფეროვან მხატვრულ ფორმებში.
პროექტი განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პემბროკის ირანული კვლევების ცენტრის ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციის: „დიდი თამაში“ და საქართველო: აღმოსავლეთ-დასავლეთის პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობები XIX ს-ის I ნახევარში ფარგლებში.