ჯაბა ჯიშკარიანი: 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული გრუნტის დამჭერი თოთხმეტივე კედელი აღდგენილია
დაბა კოჯორსა და კიკეთში 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული გრუნტის დამჭერი თოთხმეტივე კედელი აღდგენილია.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დასრულებული სამუშაოები თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ჯაბა ჯიშკარიანმა, ამავე რაიონის გამგებლის მოადგილე, ბადრი ხვადაგიანთან ერთად დაათვალიერა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, სტიქიის დროს საკრებულომ მყისიერი რეაგირება მოახდინა და გამგეობებსა და მერიის შესაბამის სამსახურებს მეორე დღესვე მისცა თანხმობა დროულად განეხორციელებინათ გამაგრებითი სამუშაოები.
„13-14 ივნისის სტიქიის შედეგად, თბილისის შემდეგ ყველაზე ძლიერად დაბა კოჯორი და დაბა კიკეთი დაზარალდა. როგორც აღმოჩნდა კედლები უხარისხოდ იყო აშენებული, რამაც ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანა. იყო საშიშროება მთლიანად წამოსულიყო მიწა და დანგრეულიყო სახლები. საკრებულომ მყისიერი რეაგირება მოახდინა და მერიისა და გამგეობის ერთობლივი ძალისხმევით სტიქიის მეორე დღესვე დაიწყო კედლების აღდგენა. დღეს უკვე სახეზეა საუკნოდ გამაგრებული გრუნტის დამჭერი კედლები, რომლებიც ყველა სტანდარტის დაცვის მიხედვით აშენდა. თითოეულ მათგანში ჩამონტაჟებულია სადრენაჟე მილები, რაც სამომავლოდ თავიდან აგვაცილებს სტიქიით მიყენებულ ზარალს “,- განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.
მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა დაბა კოჯორში და კიკეთში მიმდინარე და დასრულებული სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც დაათვალიერა.