გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის მაღალჩინოსნებს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნიუ-იორკში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ფრანს ტიმერმანსის და ევროპის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის სახელით გამართულ მიღებაში მიიღო მონაწილეობა. როგორც “კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. საღამოს მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა.
მათ ისაუბრეს საერთაშორისო თანამეგობრობაში არსებული უსაფრთხოების გარემოზე და ევროკავშირის როლზე გლობალურ პროცესებში. საქართველოს ვიცე-პრემიერი ღონისძიების ფარგლებში ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს გაესაუბრა. გიორგი კვირიკაშვილი და ფედერიკა მოგერინი მოკლედ შეეხნენ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითად საკითხებს, რაც ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესს უკავშირდება და ისაუბრეს უახლოეს მომავალში მათი შეხვედრის შესაძლებლობებზე. ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ მიღებას ევროკავშირის წვერი ქვეყნების პირველი პირები, მათ შორის ბულგარეთის პრეზიდენტი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები