გიორგი მარგველაშვილი: საქართველოში სირთულეების მთელი სიმძიმე სწორედ ქალებმა იტვირთეს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნიუ იორკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ მაღალი რანგის დისკუსიაში “აღმოსავლეთ ევროპის მომავალი – ქალთა გაძლიერება” მონაწილეობა მიიღო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დისკუსიაში ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე და ხორვატიის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, ასევე აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები მონაწილეობდნენ.
გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე დალია გრიბაუსკაიტეს ღონისძიებაზე მოწვევისათვის მადლობა გადაუხადა.
პრეზიდენტმა გენდერული თანასწორობის მიმართულებით საქართველოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანამ დემოკრატიის განვითარების გზაზე რთული გარდამავალი პერიოდი განვლო და საქართველოში, ამ სირთულეების მთელი სიმძიმე სწორედ ქალებმა იტვირთეს.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება მტკიცედ უჭერს მხარს ცხოვრების ყველა სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ სახელმწიფოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების ერთერთი მნიშვნელოვანი გარანტია.
საქართველოს კანონმდებლობა და პოლიტიკა ითვალისწინებს ქალთა საზოგადოებრივი ჩაბმულობის გაძლიერების ამბიციურ გეგმებს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჯერ კიდევ საჭიროა შესაბამისი კანონმდებლობის გადახედვა, რაც უზრუნველყოფს პოლიტიკასა და, ასევე გადაწყვეტილებათა მიღების თვალსაზრისით, ქალთა წილობრივი მონაწილეობის გაზრდას.
გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობის განვითარებისა და უზრუნველყოფის გზაზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს დიდი გამოცდილება დაუგროვდათ, რომელიც ურთიერთგაზიარების და თანამშრომლობის საფუძველზე, უზრუნველყოფს ქალთა პოტენციალისა და ნიჭის ხელშეწყობასა და განვითარებას, რაც მშვიდობიანი მომავლისა და სტაბილურობის ერთერთი საწინდარია.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად მრგვალ მაგიდაში მონაწილეობდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და ქართული დელეგაციის სხვა წევრები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები