კულტურის სამინისტროში მე-18 ჯაზ-ფესტივალის პრესკონფერენცია გაიმართება
30 სექტემბერს, 12:00 საათზე, კულტურის სამინისტროში თბილისის რიგით მე-18 ჯაზ-ფესტივალის პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, „ისთერნ პრომოუშენსის“ დირექტორი გიორგი კერესელიძე, თიბისი ბანკის საგარეო ურთიერთობათა და მედიაკომუნიკაციების დირექტორი თამარ კირვალიძე და ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი დაესწრებიან. თბილისის ჯაზ-ფესტივალში, რომელსაც 23-29 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზი უმასპინძლებს, ტრადიციულად, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები მონაწილეობენ. წლევანდელ ჯაზ-ფესტივალს ცნობილი კანადელი მომღერალი და პიანისტი დაიანა კროლი გახსნის, რომელიც პოპ-სიმღერების ჯაზურ ვარიაციებს ახალი ალბომიდან „Wallflower“ შეასრულებს. მორიგ საკონცერტო დღეს, ქართველი მელომანების წინაშე, განახლებული პროგრამით წარდგება ჯაზის სუპერვარსკვლავი, ბასისტი და ვოკალისტი ესპერანცა სპალდინგი. მეთვრამეტე ჯაზ-ფესტივალის 6 დღიანი საკონცერტო პროგრამის მონაწილეები ასევე არიან: მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დრამერი ჯეფ ბალარდი და მისი ტრიო, ვირტუოზი არფისტი ედმარდ კასტანელა და ცნობილი მესაყვირე ავიშა კოენი. სასცენო მოღვაწეობის 25 წლის საიუბილეო ტურს თბილისში იწყებს და ჯაზ-ფესტივალს კონცერტით დაასრულებს ვარსკვლავური შემადგენლობის ლეგენდარული ჯგუფი „Fourplay“.