“გამოვხატე აღშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ კვლავ გრძელდება საზღვრის ბორდერიზაციის პროცესი“
იმისათვის რომ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში სისტემური პრობლემები მოგვარდეს, აუცილებელია უმაღლეს დონეზე შეხვედრები – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, ის რომ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში აგრესიული რიტორიკა მოხსნილია, ვერ უშველის იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც დღეს არსებობს.
“აღნიშნული პრობლემების მოგვარება პირველ რიგში ჩვენს ინტერსებშია, რადგან ჩვენ გვაქვს ღია ჭრილობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. მე, რა თქმა უნდა, გამოვხატე აღშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ კვლავ გრძელდება საზღვრის ბორდერიზაციის პროცესი. იმისათვის რომ სისტემური პრობლემები მოგვარდეს რუსულ-ქართულ ურთიერთობებში, აუცილებელია უმაღლეს დონეზე შეხვედრები. მაგრამ ფაქტია, ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც შეძლებს ადეკვატურ და თანასწორუფლებიან მოლაპარაკებას რუსეთთან”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, შეხვედრები რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს პირებთან კვლავ გაგრძელდება და შეხვედრები შედგება როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტთან.
ნინო ბურჯანაძის კომენტარს “დემოკრატიული მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.