დავით თევზაძე პოლიტიკაში ბრუნდება

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე პოლიტიკაში ბრუნდება, აღნიშნულის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფიქრობს, რომ მისი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი იქნება. „შთაბეჭდილება მრჩება, რომ ადამიანები, რომლებსაც ქვეყნის მართვა ეხებათ, ცოტა არასერიოზულად უყურებენ ამ საკითხს. შორს არ წავალ დასაბუთებისთვის, ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ამ სამი დღის მანძილზე გადაწყვეტილების მიმღები არცერთი პირი სახელმწიფოში არ იმყოფება. პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი სხვა კონტინენტზეა წასული. პრემიერი, გადამწყვეტი პირი აღმსრულებელ ხელისუფლებაში, საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად წასულია სხვა კონტინენტზე. ორი დღის წინ საქართველოდან გაემგზავრნენ თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსი. მე არ ვიცი, ეს კიდევ სად ხდება თუ არა, ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფოში დღეს რომ რამე საგანგებო სიტუაცია შეიქმნას, არ არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ადგილზე მიიღოს სერიოზული გადაწყვეტილება და მისი აღსრულება დაიწყოს. ასეთი მაგალითების მოყვანა უამრავი შეიძლება სხვადასხვა სფეროებიდან.
მივიჩნიე, რომ შესაძლოა, სასარგებლო იყოს ის, რაც მე გადავწყვიტე. ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად მოვლენ პოლიტიკაში, იქნებიან მუშა ფუტკრები. მეც ვეცდები, რომ მუშა ფუტკარი ვიყო და არა უბრალოდ სახე”, – განაცხადა დავით თევზაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები