იუსტიციის მინისტრმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შეხვედრები გამართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ეწვია.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, მინისტრი სასამართლოს პრეზიდენტ სილვია ფერნანდეს დე გურმენდის, სამდივნოს უფროსსა და მთავარ პროკურორს შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს ამ დრომდე არსებული თანამშრომლობის პრაქტიკა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციაა მსოფლიოში და მის წარმომადგენლებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია. „ჩვენ შევხვდით ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს თავმჯდომარეს და სასამართლო გამწესრიგებელს; ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს სასამართლოსთან თანამშრომლობის ფარგლებში − იქნება ეს მოწმეთა, მსხვერპლთა დაცვის პროგრამებში ჩართვა თუ სხვა ღონისძიებები. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ უკეთესად, უფრო აქტიურად საქართველომ, მათ შორის, ძალოვანმა სტრუქტურებმა და არამხოლოდ, ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტთან, რომელიც ებრძვის მსოფლიოში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს და რომელსაც ამ ეტაპზე აქვს უამრავი გამოწვევა, რათა დაიცვას სხვადასხვა ქვეყანაშია ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლი და მოწმეები. ჩვენ ვისაუბრეთ კონკრეტულ ნაბიჯებზე − რა შეიძლება საქართველომ შესთავაზოს დახმარების კუთხით ამ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სასამართლოს. მნიშვნელოვანი და აუცილებელი საკითხები განვიხილეთ, აგრეთვე, ჰააგის სასამართლოს მთავარ პროკურორსა და მის გუნდთან ერთად “, − განაცხადა თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრმა შეხვედრა გამართა მთავარ პროკურორთანაც. თეა წულუკიანი დღეს უკვე შეხვდა თავის ნიდერლანდელ კოლეგას. შეხვედრები გაიმართება, ასევე, ჰოლანდიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ჰააგაში მდებარე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი თანამდებობის პირებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები