ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ევრო დიპლომი გადაეცა
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ევროპული დიპლომი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის დადგენილებით, 5 წლის ვადით გადაეცა – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
ევროპული დიპლომი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, გიგლა აგულაშვილს ევროპის საბჭოს დემოკრატიული ინიციატივების დეპარტამენტის თავმჯდომარე ელადიო ფერნანდეს-გალიანომ გადასცა.
მსგავსი დიპლომი ევროპის მასშტაბით მხოლოდ 28 ქვეყნის 73 დაცულ ტერიტორიას აქვს მინიჭებული. იგი სამეცნიერო, კულტურული ან ესთეტიკური ღირებულებების თვალსაზრისით გამორჩეულ დაცულ ტერიტორიებს განსაზღვრული ვადით გადაეცემა. დღესვე, ევრო დიპლომის გადაცემის ცერემონიასთან დაკავშირებით, გარემოს გლობალური ფონდისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის – „კოლხური ხოხბის აღდგენა ბუნებრივ ჰაბიტატებში“ – ფარგლებში, ფრინველსაშენში გაზრდილი ხოხბები ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე გაუშვეს.
პროექტი 2014-2015 წლებში გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში აშენდა ინკუბატორის შენობა, რომელიც ავტონომიური მზის ელექტროსისტემით აღიჭურვა, ტყვეობაში გამრავლდა 300-მდე ხოხობი, რომელიც სამ სამონადირეო მეურნეობას და რამოდენიმე ოჯახს გაუნაწილდა.
თავის მხრივ მეორე წელს, ბენეფიციარების მიერ ტყვეობაში 200-მდე კოლხური ხოხობი იქნა გამრავლებული, მათი უმრავლესობა (150 ) ივრის, ალაზნისა და მტკვრის ჭალებში გაუშვეს. ხოლო, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების, მეგობართა ასოციაციის კოლხური ხოხბის საშენის მიმდებარე ტერიტორიაზე 2014 – 2015 წლებში 25 ხოხობი გაუშვეს, მათზე დაწესებულია მონიტორინგი თანამედროვე ტექნოლოგიების (ტელემეტრიiს) გამოყენებით.
ღონისძიებას სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის დონორი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ევროპული დიპლომი საქართველოს დაცული ტერიტორიების საერთაშორისო დონეზე ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.