სურსათის უვნებლობის სააგენტომ 220 საჯარო სკოლის ბუფეტი შეამოწმა
სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას განცხადებით, სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ 220 საჯარო სკოლის ბუფეტი შემოწმდა. მისივე თქმით, შემოწმების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობა არც ერთ სკოლაში არ გამოვლენილა, აღინიშნა მხოლოდ მცირედი დარღვევები.
“შემოწმდა 220 საჯარო სკოლის ბუფეტი, შედეგი არის კარგი, თუმცა მიმდინარე წლის ბოლომდე ეს პროცესი გაგრძელდება და ჩვენ კიდევ უფრო მეტად ეტაპობრივად გავამკაცრებთ კონტროლს”, – განაცხადა ოთარ დანელიამ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შარშან შემოწმების შემდეგ 4 სკოლის ბუფეტში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა, რის გამოც მათ საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
მისივე განმარტებით, მიმდინარე წელს უკვე შემოწმდა 881 საბავშვო ბაღი. დანელიას განცხადებით, სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების შემოწმება გრძელდება და შედეგები საზოგადოებას პერიოდულად ეცნობება.