გიორგი მარგველაშვილი გაერო-ში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაერო-ში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს პოლონეთისა და ხორვატიის პრეზიდენტებთან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია ასევე, შეხვედრა ბელგიის პრემიერ-მინისტრთან. გიორგი მარგველაშვილს დღესვე საგარეო ურთიერთობათა საბჭოში და ფორდჰეიმის უნივერსიტეტში საჯარო გამოსვლები ექნება.
ქვეყნის პირველი პირი მონაწილეობას მიიღებს ლიტვის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში- „აღმოსავლეთ ევროპის მომავალი, ქალთა როლის გაძლიერება”.
ხვალ კი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონს ეწვევა, სადაც დაგეგმილია შეხვედრები სენატორებთან და კონგრესმენებთან, მათ შორის არიზონას შტატის სენატორ ჯონ მაკკეინთან.
ვაშინგტონში გიორგი მარგველაშვილი მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტებს და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდება.
საქართველოს პრეზიდენტი “ოლბრაიშ სთოუნბრიჯ გრუფ”-ის ხელმძღვანელს მადლენ ოლბრაითს სამუშაო საუზმეზე უმასპინძლებს. დაგეგმილია პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ვილსონის და სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში. ასევე შეხვედრები გაიმარათება კარნეგის ცენტრის ხელმძღვანელთან, უშიშროების და საგარეო ურთიერთობის კომიტეტების წარმომადგენლებთან.
ქვეყნის პირველი პირი „ნაციონალურ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ ( NDI ) ხელმძღვანელებთანაც გამართავს სამუშაო სადილს და ამერიკაში მცხოვრებ ქართულ დიასპორასაც შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან.
საქართველოს პრეზიდენტმა უკვე გამართა ორმხრივი შეხვდრები ლატვიისა და სლოვენიის პრეზიდენტებთან და შეხვდა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.
კონექტიკუტიში კი, სანაპირო დაცვის აკადემიაში (Coast Guards Academy) დაღუპული ქართველი კადეტების – სოსო მაკარიძის და ბესო გორჯოლაძის ხსოვნას მიაგო პატივი და კურსანტებს სიტყვით მიმართა.
გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი აშშ-ში 2 ოქტომბერს დასრულდება.