ლაშა თორდია: სახელმწიფო აუდიტი თბილისის მერიაში შემავალ უწყებებს ამოწმებს
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ქალაქ თბილისის მერიაში შემავალ სხვადასხვა უწყებას ამოწმებს, – ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც თორდიამ აღნიშნა, აუდიტის სამსახური ამჟამად კეთილმოწყობის სამსახურს, თბილისის მერიის ადმინისტრაციას, ასევე სამგორისა და გლდანის გამგეობებს ამოწმებს.
მისივე თქმით, სულ ახლახან გამოქვეყნდა დასკვნა თბილისის საკრებულოსთან დაკავშირებით, სადაც ასევე საუბარი იყო არა ერთ დარღვევაზე.
“ამ ეტაპზე მიმდინარეობს თბილისის მერიის ძალიან ბევრი სამსახურის შემოწმება, მათ შორის კეთილმოწყობის სამსახურის და თბილისის მერიის ადმინისტრაციის, ასევე მოწმდებიან გლდანისა და სამგორის გამგეობები. ამის შემდეგ შეიძლება კიდევ ვიფიქროთ მერიაში შემავალი სხვა ბევრი სამსახურის შემოწმებაზე, ვინაიდან მერია ბევრ სამსახურსა და სტრუქტურას შეიცავს”, – განაცხადა ლაშა თორდიამ.
მისივე თქმით, დასკვნა, დაახლოებით, 2-3 კვირის განმავლობაში ეტაპობრივად გამოქვეყნდება.