ახალციხესა და ასპინძაში მცხოვრებ 1200 ოჯახს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, ახალციხის მუნიციპალიტეტსა და დაბა ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.
პროექტის ღირებულება 2 070728,84 ლარია. მისი განხორციელების შედეგად ახალციხესა და ასპინძაში მცხოვრებ 1200 ოჯახს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.
მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება წყლის ხარისხი და შემცირდება წყლის დანაკარგი. მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შედეგად ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 600 ოჯახის 2 ათასზე მეტ ადამიანს წყლის გრაფიკისა და წყლის ხარისხის პრობლემა მოუგვარდება, კერძოდ, პროექტის განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდება წყლის დანაკარგები და გაუმჯობესდება, როგორც წყლის ხარისხი, ასევე წყლის მიწოდების გრაფიკი.
ახალციხის მოსახლეობის დიდ ნაწილს, კერძოდ, 600 ოჯახს ამჟამად წყალი 10-12 საათიანი გრაფიკით მიეწოდება, რაც, რეაბილიტაციის შედეგად, 24-საათიანი წყალმომარაგებით შეიცვლება.
რაც შეეხება ასპინძის მოსახლეობას, მათ ამჟამად წყალი ზოგ უბანზე 2-3- საათიანი გრაფიკით, ხოლო ზოგზე 6-10-საათიანი გრაფიკით მიეწოდება. პროექტის განხორციელების შედეგად კი 16-24 საათიან რეჟიმში მიიღებენ სასმელად მაღალი ხარისხის წყალს. პროექტის განხორციელების შედეგად ასპინძის მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება. სამშენებლო სამუშაოებზე ჯამში 70 ადამიანზე მეტია დასაქმებული.
მას შემდეგ, რაც მუნიციპალური განვითარების ფონდი პროექტს განახორციელებს, ის ექსპლუატაციაში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გადაეცემა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მსგავს სამუშაოებს საქართველოს მასშტაბით 24 ქალაქში ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება ჯამში 100 მილიონ ლარზე მეტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები