ლია გიგაური: ნორვეგიის მთავრობის დახმარებით მშობელთა განათლების პროგრამა იწყება
2013 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დიდ ყურადღებას აქცევს სმენადარღვეულ მოსწავლეთა და სტუდენტთა განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.
ამ თემასთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ისაუბრა. მისი თქმით, პროცესის უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვანია მშობელთა აქტიური მონაწილეობა შვილების განათლების მიღებაში.
„ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვების განათლებისათვის მშობლის როლი არის განუზომელი. ნორვეგიის მთავრობის დახმარებით იწყება მშობელთა განათლების პროგრამა, რომელიც მშობლებს გაუჩენს მოტივაციას, ისწავლონ ჟესტური ენა, ჩაერთვნენ საკუთარი შვილის ცხოვრებაში და რაც მთავარია, ის ემოციური ბმა, რომელიც აუცილებელია მშობელსა და შვილს შორის არსებობდეს, დიდწილად განაპირობებს ბავშვის აკადემიურ მიღწევებს. სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით მუშაობენ ფსიქოლოგები, შეიმუშავეს სპეციალური პროგრამები მშობელთა განათლებისა და ინფორმირების მიმართულებით. მშობლები ამ პროგრამის ფარგლებში შეისწავლიან ჟესტურ ენას, რათა გაუადვილდეთ შვილებთან კომუნიკიაცია”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.