გიორგი კვირიკაშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ფარგლებში ეუთო-ს გენერალულ მდივანს ლამბერტო ზანიერის შეხვდა.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონსა და საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმულ აგრესიულ ნაბიჯებსა და მის თანმდევ უარყოფით შედეგებს.
აღინიშნა ეუთო-ს და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობა კონფლიქტის მოგვარების პროცესში.
განსაკუთრებით ხაზი გაესვა იმ პროექტებს, რომელსაც ეუთო ახორციელებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ნდობის აღდგენის პროცესში. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით არსებულ დღის წესრიგს.
“ჩვენ განვიხილეთ რეგიონსა და საქართველოში არსებული ვითარება, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომდინარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და მასთან დაკავშირებული უარყოფითი მოვლენები. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს და შენარჩუნდეს პოლიტიკური პროცესი, ჟენევის საერთადორისო მოლაპარაკებების სახით. ეუთო, ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს ჩართულობას ამ პროცესში ჩემთვის ასევე კარგი შესაძლებლობა იყო მესაუბრა ახალ მინისტრთან ეუთო-ს როლზე სტაბილურობის შენარჩუნების პროცესში”, – განაცხადა ლამბერტო ზანიერიმ.