ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად ვასილ ყულჯანიშვილის პანაშვიდს დაესწრო
ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის ვასილ ყულჯანიშვილის დაღუპვის გამო საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილმა მწუხარება გამოთქვა. ყოფილი პრემიერი დღეს, მეუღლესთან ერთად რუსთავში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ავღანეთში დაღუპული ვასილ ყულჯანიშვილის პანაშვიდს დაესწრო.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას ვასილ ყულჯანიშვილის დაღუპვის გამო. მისი სახელი სამუდამოდ ჩაიწერა ქართველ გმირთა და პატრიოტთა დიდ წიგნში. ქართული საზოგადოება, თითოეული ჩვენგანი დიდ პატივს მიაგებს მის ოჯახს, რომელმაც ასეთი გმირი, ასეთი ვაჟკაცი აღუზარდა ჩვენს სამშობლოს.
მან, მისი მეგობრების მსგავსად, მტერსაც და მოყვარესაც თვალნათლივ აჩვენა, რომ ქართული მხედრული სული ისევ ცოცხლობს და იბრძვის, რათა ჩვენმა ხალხმა შეინარჩუნოს თავისი ღირებულებები და განვითარდეს თანამედროვე დემოკრატიულ სამყაროსთან ერთად. ღმად მწამს, ვასილ ყულჯანიშვილის და სხვა ქართველ გმირთა თავგანწირვა უკვალოდ არ ჩაივლის და ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ისეთ საქართველოს, რომელზეც მართლა ვოცნებობდით”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
21 წლის რუსთაველი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთში, “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის შესრულების დროს, სამოქმედო არეალში პატრულირებისას, მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 22 სექტემბერს დაიღუპა.
ვასილ ყულჯანიშვილს ხვალ, 14:00 საათზე რუსთავის სასაფლაოზე სამხედრო წესით დაკრძალავენ.