დიმიტრი ქუმსიშვილი იან კელის შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იან კელის შეხვდა.
ამერიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, მათ შორის აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობის თაობაზე.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ელჩს საქართველოს ტურისტული და სატრანსპორტო პოტენციალი გააცნო. ასევე, მიმდინარე საინვესტიციო პროექტებზე ესაუბრა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ არის საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი და უმსხვილესი ინვესტორი და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
შეხვედრაზე ასევე წარიმართა საუბარი აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 2015 წლის ოქტომბერში გაიმართება. ფორუმის მიზანია ახალი ხედვების აღმოჩენა და პარტნიორობის გაძლიერება თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროებში.