ნიდერლანდების სამეფოში თეა წულუკიანის ვიზიტი დაიწყო

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში გაემგზავრა. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვედრებს ნიდერლანდების სამეფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე, ქ. ჰააგაში მდებარე საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი თანამდებობის პირებთან გამართავს,.
სამინისტროს ინფორმაციით, 28 სექტემბერს იუსტიციის მინისტრი მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს (PCA) ვიცეპრეზიდენტსა და ჰოლანდიის იუსტიციის მინისტრს შეხვდება.
მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს ვიცეპრეზიდენტთან შეხვედრა პირველი იქნება მას შემდეგ, რაც საქართველო მიუერთდა და სავალდებულოდ აღიარა ამ სასამართლოს დამფუძნებელი ხელშეკრულებები. შეხვედრაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
რაც შეეხება ჰოლანდიის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას, საუბარი იქნება საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე; განიხილება საქართველოს პროგრესი ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის დასკვნითი ეტაპისა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის შესრულებაში, ასევე, მართლმსაჯულების სექტორში საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის სხვა საკითხები.
ასევე შეხვედრები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პრეზიდენტთან, სამდივნოს უფროსსა და მთავარ პროკურორთან გაიმართება, სადაც მხარეები სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. 29 სექტემბერს მინისტრი ჰააგის გლობალური სამართლის ინსტიტუტს ეწვევა და საქართველოში ცვლილებებისა და ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობის შესახებ ლექციას წაიკითხავს; შემდეგ კი შეხვედრა გაიმართება ევროჯასტის პრეზიდენტთან. აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეები ისაუბრებენ საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. ევროჯასტი არის ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ორგანო, რომლის ძირითადი საქმიანობაა სისხლის სამართლის საქმეებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანამშრომლობის კოორდინაცია, მათ შორის, ევროკავშირის არაწევრ, ევროინტეგრაციის პროცესში მყოფ პარტნიორ სახელმწიფოებთან. ვიზიტის დასასრულს, თეა წულუკიანი სენატს ეწვევა, სადაც შეხვედრას გამართავს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სენატორებთან. ჰოლანდიაში მინისტრის ვიზიტი 29 სექტემბერს სრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები