ანიმაციური ფილმების მე–7 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ გაიმართება

5-დან 10 ოქტომბერის ჩათვლით აჭარაში: ხულოში, შუახევში, ქედაში, ქობულეთში და ბათუმში ანიმაციური ფილმების მე–7 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ გაიმართება. ფესტივალს „ანიმაციის განვითარების ფონდი“ და კულტურული ცენტრი „პერსონაჟი“ ატარებს.
საკონკურსო და საინფორმაციო პროგრამებში ნაჩვენები იქნება 38 ქვეყნის 120ფილმი. ფილმების ჩვენება გაიმართება: ბათუმში: კინოთეატრ „აპოლოში“, ხელოვნების უნივერსიტეტში, ხულოს დრამატულ თეატრში, შუახევის, ქედის და ქობულეთის კულტურის სახლებში. (ხელოვნების უნივერსიტეტში დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია მსურველებს ვთხოვთ გაიარონ აკრედიტაცია adf_info@yahoo.com ) ფესტივალის საკონკურსო კატეგორიები: საუკეთესო ფილმი უფროსებისათვის, საუკეთესო საბავშვო ფილმი, ბავშვების მიერ შექმნილი საუკეთესო ფილმი, საუკეთესო ექსპერიმენტული ფილმი, საუკეთესო სერიალი, საუკეთესო დებიუტი, საუკეთესო სტუდენტური ფილმი, საუკეთესო ქართული ფილმი (აღსანიშნავია რომ „თოფუზზე“ კატეგორია საუკეთესო ქართული ანიმაციური ფილმი იქნება პირველად).
ფესტივალის გამარჯვებულებს გამოავლენს საერთაშორისო ჟიური ბათუმში, ხოლო საბავშვო ჟიური ფილმებს შეაფასებს ხულოში, შუახევში, ქედაში, ქობულეთსა და ბათუმში. რომლის შედეგებიც გამოცხადდება ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე. ფესტივალის ფარგლებში, ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართება უორქშოფი „ანიმაცია ურთიერთობის მხატვრული ფორმა“. საქართველოს რეგიონებიდან ფესტივალზე მოვლენილ სამხატვრო სასწავლებლის მოზარდებს საშუალება ექნებათ სამი დღის განმავლობაში გაეცნონ ანიმაციის ტექნოლოგიებს და მიიღონ მონაწილეობა მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის შექმნაში. სასტუმრო „ბათუმი პლაზა“-ში გაიმართება მასტერკლასები „შეხვედრა ავტორებთან“. ფესტივალის სტუმრებს ექნებათ საშუალება შეხვდნენ 2014 წელს „თოფუზის“ გამარჯვებულებს.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სტუდია „მიფასი ფილმში“ წარმოებაში მყოფი ფილმების პროექტების პრეზენტაცია. ასევე პრეზენტაციებს ჩაატარებენ თელავის ე. ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის ანიმაციის სასწავლო სტუდიის მოსწავლეები. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ბათუმის მერია; თელავის მუნიციპალიტეტი; თელავის მერია; ნინოზმინდის მუნიციპალიტეტი; გორის მერია; გორის მუნიციპალიტეტი; ხაშურის მუნიციპალიტეტი; კასპის მუნიციპალიტეტი; ფოთის მერია; ზუგდიდის მუნიციპალიტეტი; შ.პ.ს. „მიფასი“. მედია მხარდაჭერები: ტელეკომპანიები; პირველი არხი; „იმედი“; აჭარის ტელევიზია; GDS-ი ; „ერთსულოვნება“; „მაესტრო“; „რუსთავი 2“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები