თამარ ბერუჩაშვილი: კვირიკაშვილის მოადგილედ დარჩენა არასერიოზული იქნებოდა
კვირიკაშვილის მოადგილედ დარჩენა არასერიოზული იქნებოდა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა. ბერუჩაშვილის განცხადებით, გუნდი მისი მუშაობით უკმაყოფილო არ ყოფილა. ყოფილ მინისტრს საქმიანობის გაგრძელება დიპლომატიაში სურს. ბერუჩაშვილის განცხადებით, ვენადან დაბრუნების შემდეგ გადაწყდება, თუ რომელი ქვეყნის ელჩი იქნება.
„მინისტრის თანამდებობიდან ჩემი წასვლა არაორდინარულ ვითარებაში გადაწყდა, თუმცა, ჩემთვის, როგორც კარიერული დიპლომატისთვის, მნიშვნელოვანია პროფესიული გამოცდილების რეალიზება შევძლო, – მთავარი მომავალია, დანარჩენს კი ამ ეტაპზე გვერდზე გადავდებ.
მინდა, საქმიანობა ქართულ დიპლომატიაში გავაგრძელო. არ არის გამორიცხული, კარიერა ელჩის სტატუსით გავაგრძელო. საერთაშორისო პრაქტიკაა, როდესაც მინისტრები საქმიანობას დიპლომატიურ სამსახურში ამ ხაზით აგრძელებენ. კვირიკაშვილის მოადგილედ დარჩენა კი არასერიოზული იქნებოდა, რადგან საგარეო საქმეთა მინისტრობის შემდეგ მოადგილედ გადანაცვლება, მინიმუმ, საერთაშორისო პრაქტიკაში არ ჯდება.
გუნდი ჩემი მუშაობით უკმაყოფილო არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, ამაზე ჩემთვის არაფერი უთქვამს. ბევრი საინტერესო ინიციატივა გვქონდა და შედეგებსაც მივაღწიეთ… გარკვეული კითხვის ნიშნები მეც მაქვს, მაგრამ ფაქტია, ჯგუფში პოლიტიკური გადაადგილება მოხდა – ჩემი შეცვლა სწორედ პოლიტიკური გადაადგილებების შედეგი იყო. რასაკვირველია, შეიძლებოდა ყველაფერი უფრო ნათლად მომხდარიყო. მე პარტიის წევრი არასოდეს ვყოფილვარ“, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.