მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მარგველაშვილმა უგულავა, მერაბიშვილი და ახალაია უნდა შეიწყალოს
ოდესის გუბერნატორი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია უნდა შეიწყალოს. ამის შესახებ სააკაშვილმა “რუსთავი 2”-ის გადაცემა “კურიერ P.S”-ში ისაუბრა.
“პრეზიდენტ მარგველაშვილის ადგილი ისტორიაში, პოლიტიკაში ერთადერთი გაიზომება იმით, შეიწყალებს თუ არა იმ სამ ადამიანს, ვინც ბევრი რამ გააკეთა ქართული სახელმწიფოებრობისთვის – ადამიანმა, რომლებმაც პირველი ქართული სამხედრო წარმოება შექმნა, ადამიანმა, რომელმაც შექმნა მსოფლიო დონის პოლიცია, რომელმაც ააშენა რაბათი, ადამიანმა, რომელმაც ააშენა თბილისში უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერ მერს აუშენებია. ესენი არიან გიგი, ვანო და ბაჩო. მარგველაშვილის ქმედების კრიტერიუმი და წესიერების განმსაზღვრელი იქნება, თუ ის ამ შეწყალების აქტს მოაწერს ხელს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ის გიგი უგულავას 24-საათიანი თავისუფლების პერიოდში სკაიპით ესაუბრა და როგორც აღნიშნა, თბილისის ყოფილ მერს უთხრა, რომ მეორე დღესვე “ჩასვამდნენ”.