“ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გენდერულ თანასწორობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიისა და მდგრადი განვითარებისათვის”

საქართველო მომავალშიც უპასუხებს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს და შეასრულებს თავის ვალდებულებებს ქალთა უფლებებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებამოსილების გაზრდის საკითხებზე მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ღონისძიების მასპინძლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო, ქალთა უფლებებისა და ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის პრინციპების დაცვას ერთგულად ემსახურება.
„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გენდერულ თანასწორობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიისა და მდგრადი განვითარებისათვის. 1994 წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ კონვენციას ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ და ძალ-ღონეს არ ვიშურებთ მის განსახორციელებლად. 2011 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 2012-2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის („ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“) განსახორციელებლად. 2013 წელს ჩვენ მივიღეთ 2013-2015 წლების სამოქმედო გეგმა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, რასაც მოჰყვა 2014-2015 წლების გენდერული თანასწორობის ეროვნული სამოქმედო გეგმა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა წამოიწყებს საინფორმაციო კამპანიებს ისეთ კონკრეტულ პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორიცაა ქალთა და გოგონათა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა, ასევე ადრეულ ასაკში ქორწინებათა პრევენცია.
„ჩვენ ვითანამშრომლებთ განვითარებაზე მომუშავე პარტნიორებთან, გაეროსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ერთობლივად ვიმუშაოთ ადრეული ქორწინების საკითხზე. ამ მიზნით, ჩემს აპარატში შეიქმნება სპეციალური სექტორთაშორისი ჯგუფი. და ბოლოს, ჩვენ წამოვიწყებთ საინფორმაციო კამპანიებს ისეთ კონკრეტულ პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორიცაა ქალთა და გოგონათა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა, ასევე ადრეულ ასაკში ქორწინებათა პრევენცია. ბატონებო და ქალბატონებო, არის კიდევ ერთი ვალდებულება: საქართველო მომავალშიც უპასუხებს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს და შეასრულებს თავის ვალდებულებებს ქალთა უფლებებთან დაკავშირებით, მაგალითად, ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციისა და პეკინის სამოქმედო პლატფორმის ფარგლებში. ჩვენ ვიღვწით ისეთი მომავლისთვის, რომელშიც თანასწორობა და კეთილდღეობა კიდევ უფრო მაღალ დონეზე იქნება. გმადლობთ ყურადღებისთვის“,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს სიტყვით გამოსვლა, ტაშით სამჯერ შეაწყვეტინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები