ილია მეორე: აფხაზებო, მოდით ჩვენთან…
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით იქადაგა.
პატრიარქმა სოხუმის დაცემის თარიღთან დაკავშირებით აფხაზებსაც მიმართა.
“მოგმართავთ ყველას, აფხაზებს, ქართველებს, შეერთდით. აფხაზებო, მოდით ჩვენთან, ქართველები მოვიდნენ თქვენთან და ერთად ვილოცოთ ჩვენი მიცვალებულებისთვის”, – ბრძანა პატრიარქმა.
როგორც ქადაგებისას პატრიარქმა ბრძანა, დღეს არის, როგორც სიხარულის, ასევე მწუხარების დღე.
“მწუხარება და სიხარული, როგორც ტყუპი ძმები, ერთად დადიან. დღეს მწუხარების დღეც არის და სიხარულისაც. დღეს არის ჯვართამაღლება და დღეს არის დიდი მწუხარება, აფხაზეთის ტრაგედია. აფხაზეთი ეს არის ჩვენი ტკივილი, აფხაზეთი ეს არის ჩვენი იმედი, აფხაზეთი ეს არის ერთიანი საქართველო. დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა აცხოვნოს და ნათელში ამყოფოს აფხაზეთში დაცემული ჟიული შარტავა, იგივე დავითი და სხვა გმირები. მაგრამ ამავე დროს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა აცხოვნოს დაცემული აფხაზები და სხვა ერების წარმომადგენლები”, – ბრძანა პატრიარქმა.
მისივე განცხადებით, აფხაზეთის ტრაგედია იყო თავსმოხვეული ტრაგედია. “ეს იყო ხელოვნურად შექმნილი ტრაგედია და ჩვენ ვლოცულობთ ყველასთვის – ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, რუსებისთვის და სხვა ერებისთვის”, – ბრძანა უწმინდესმა.