დავით ნარმანიამ აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი ესტაკადის აღდგენის სამუშაოები დაათვალიერა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს ავთანდილ სუდაძესთან ერთად, აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი ესტაკადის აღდგენა- რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, უკვე დასრულებულია ხიდის გამაგრების სამუშაოები, ამჟამად კი ე.წ ფრანგული კედლის მშენებლობა მიმდინარეობს.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ხიდი ერთის მხრივ კონსტრუქციულად მდგრადი იქნება, ხოლო მეორეს მხრივ ვიზუალურად ლამაზი, რადგან მისი ფასადი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კეთდება.
„იქიდან გამომდინარე, რომ დატვირთვა ამ მხარეს მნიშნელოვნად გაიზარდა და მაღალია ავტომქანანების ნაკადი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ ხიდის აღდგენასთან დაკავშირებით. ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ახალი ხიდი გაკეთდა, გარდა რამდენიმე იმ ძველი დეტალისა, რაც ვარგისი იყო და რაც ჩვენ გამოვიყენეთ. ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ხიდი აღდგენითი სამუშოები და ვვარაუდობთ, რომ ნოემბრის ბოლოს მთლიანად იქნება დასრულებული“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
პროექტი ესტაკადის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება განაპირა ბურჯებსა და ესტაკადის ძირითად კონსტრუქციას. გზაგამტარის საექსპლუატაციო ვადის გახანგრძლივებისთვის მოეწყობა ასფალტის ახალი საფარი და განათების ქსელი. ხიდზე არსებული მოაჯირები, ახალი თუჯის მოაჯირებით შეიცვლება.
კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის, ავთანდილ სუდაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტი საავტომობილო მოძრაობის განტვირთვას შეუწყობს ხელს. „ჩვენ კაპიტალური რეაბილიტაცია გავუკეთეთ მუხადგვერდში გადასასვლელ პანდუსებს და ხიდს, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ 40 წლის განვალობაში არ უმუშავია. ხიდი საკმაოდ ავარიულ მდგომაორებაში იყო. ჩვენ როგორც ასასვლელი და ჩამოსასვლელი პანდუსები, ასევე ხიდის სავალი ნაწილის ძირითადი კონსტრუქცია გავამაგრეთ და განვაახლეთ. პროექტით დიდი დიღომისა და მუხადგვერდის მიმართულებით საგზაო ნაწილში მეტი თავისულება იქნება უზრუნველყოფილი“,- განაცხადა ავთანდილ სუდაძემ.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს „ზიმო“ ასრულებს. პროექტის საერთო ღირებულება 2 188 965 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის 6 მაისს დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება.
აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი ესტაკადა გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში აშენდა, ფუნქციონირება მალევე შეწყვიტა და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია.