27 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

დღეს, 27 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად სადღესასწაულო წირვას აღავლენს.
ჯვართამაღლება ერთ-ერთი ქრისტიანული საეკლესიო დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 27 სექტემბერს აღინიშნება.
მისი წარმოშობის შესახებ სხვადასხვა გადმოცემა არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით, ჯვართამაღლება აღნიშნავს იმ დღეს, როდესაც რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის, ელენე დედოფლის ბრძანებით – იერუსალიმის მახლობლად, დაახლოებით 335 წელს, იპოვეს იესო ქრისტეს ჯვარი. ყველასათვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჯვრის ხილვა, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა ანუ აღამაღლა იგი. აქედან წარმოდგება დღესასწაულის სახელწოდება „ჯვართამაღლება“. ასევე, როგორც “კვირას” ანჩისხატის მომლოცველთა ჯგუფიდან აცნობეს, ხვალ, ჯვართამაღლების დღესასწაულზე და სოხუმის დაცემის დღეს, სალიტანიო ანჩისხატი საქართველოს დალოცავს. სალიტანიო ანჩისხატს თვითმფრინავით მცხეთა-თბილისის თავზე ლოცვით შემოატარებენ და აფხაზეთის საზღვარზე წააბრძანებენ. “წმინდა მიწიდან (იერუსალიმიდან), ჩამობრძანებული სალიტანიო ანჩისხატი 27 სექტემბერს (ჯვართამაღლების დღესასწაულზე და სოხუმის დაცემის დღეს) საქართველოს დალოცავს თვითმფრინავით – დილით 09:30 საათისთვის ნატახტარის აეროდრომიდან სალიტანიო ანჩისხატს მცხეთა-თბილისის თავზე, გარეშემო სპეციალური რეისით შემოატარებენ და საქართველოს სიგრძივ გადაფრენის შემდგომ მესტიის აეროპორტში ჩააბრძანებენ. მესტიის აეროპორტიდან ავტოტრანსპორტით ხატს აფხაზეთის საზღვარზე ჯერ კოდორის ხეობაში მიაბრძანებენ და შემდგომ დაახლოებით 15:00 საათისთვის ენგურის ხიდზე ხატს დახვდებიან ადგილობრივი სასულიერო პირები და მრევლი, სადაც ერთობით აღავლენენ პარაკლისს საქართველოს გამთლიანებისა და ჩვენი ერის კეთილდღეობისათვის”, – აცხადებენ ანჩისხატის მომლოცველთა ჯგუფიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები