სიმსივნით დაავადებულმა ბავშვებმა რთველში მიიღეს მონაწილეობა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ბერი ანდრიას სახელობის ფონდის ინიციატივით, სოლიდური სიმსივნით დაავადებულმა ბავშვებმა რთველში მიიღეს მონაწილეობა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ბავშვებსა და მათ მშობლებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე უმასპინძლა და მათთან ერთად ყურძენი დაკრიფა.
ცენტრის ბაზაზე სპეციალურად ბავშვებისთვის არაერთი გასართობი ღონისძიება მოეწყო. ბავშვებმა ყურძნის კრეფის და დაწურვის პროცესში მიიღეს მონაწილეობა. მათ ჩურჩხელებიც ამოავლეს, პური გამოაცხვეს, მწვადებიც შეწვეს და ხინკალიც გააკეთეს.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყოველთვის ჩაერთვება ისეთ ღონისძიებებში, რაც ხელს შეუწყობს სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას, განვითარებას და დადებითი განწყობის შექმნას.
ბერი ანდრიას სახელობის ფონდი 5 წელია ეხმარება სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს და მათ ოჯახებს მკურნალობის, რეაბილიტაციისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების საკითხებში. დაარსებიდან დღემდე დახმარება გაეწია 160 ბავშვს და მათ ოჯახს. დღეისათვის მათი მზრუნველობის ქვეშ იმყოფება 45 ბავშვი. ფონდი ზრუნავს მათ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზე, განვითარებაზე და სიცოცხლის ხარისხის ამაღლებაზე.
აღსანიშნავია, რომ სექტემბერი სოლიდური სიმსივნის და ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის თვედ არის გამოცხადებული.