“საქართველოს იმდენი საქმე აქვს, რომ ორ-ორი პრეზიდენტი და პრემიერი მუდმივად უცხოეთში რომ იყოს, მაინც ვერ აუვალთ”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საქართველოს იმდენი საქმე აქვს ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, რომ ორ-ორი პრეზიდენტი და პრემიერი მუდმივად უცხოეთში რომ საქმეზე იყოს, მაინც ვერ აუვალთ.
როგორც დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, იგი ისურვებდა, რომ ამ თემაზე ნაკლები მითქმა-მოთქმა იყოს.
“საქმე ძალიან ბევრია პრეზიდენტისთვისაც და პრემიერისთვისაც. იმასაც დავამატებ, რომ ერთი კვირის წინ, საპარლამენტო დელეგაცია დაბრუნდა სწორედ ნიუ-იორკიდან, მე გახლდით ამ დელეგაციის ხელმძღვანელი გაეროს გენერალური ასამბლეის შენობაში. გაეროს 70 წლისთავი აღინიშნება, ეს არის შესანიშნავი საშუალება იმისთვის, რომ შევეხმიანოთ, როგორც მსოფლიო გლობალურ პრობლემებს, ასევე ჩვენს კონკრეტულ საკითხებს თითოეულ ქვეყანასთან. საქმე ბევრია – კარგია, თუ ყველანი ვიქნებით ამაში ჩართული. სჯობს, იყოს უკეთესი კოორდინირება და ნაკლები საბაბი მითქმა-მოთქმისთვის. დარწმუნებული ვარ, ორივე დელეგაცია ძალიან მნიშვნელოვან საქმეს შეასრულებს. პარლამენტი ამ პროცესში ჩართულია, უმრავლესობაც და უმცირესობის წარმომადგენლებიც, რადგან საუბარი იქ შეეხება საერთო საქვეყნო საკითხებს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვინაიდან დაემთხვა პრემიერისა და პრეზიდენტის ვიზიტები, ამან გააჩინა გარკვეული მითქმა-მოთქმა და გარკვეული გაუგებრობები.
“ღონისძიებები მართლაც ბევრი ტარდება და ამიტომ ორი პარალელური ვიზიტი შესაძლებელია. როგორც ითქვა, პრეზიდენტი სამუშაო, არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება და ოფიციალური შეხვედრები ნაკლებად ექნება. ვისურვებდი, რომ მითქმა-მოთქმის ნაკლები საბაბი არსებობდეს, რადგან ეს არც საშინაო და არც საგარეო საქემებს ხელს არ უწყობს. ამიტომ, თუ ასეთი ვიზიტები დაგეგმილია, სჯობს ეს იყოს წინასწარ გამოცხადებული და ყველასთვის ცნობილი. უფრო ორგანიზების ხარვეზებთან გვაქვს საქმე, ჯობია აღმოიფხვრას ეს”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები